• მთავარი
  • სიახლეები
  • რეგისტრაცია
  • აკადემიის მიღწევები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ვინ ვართ ჩვენ
  • საქველმოქმედო ტურნირ-აუქციონი #მაშკასთვის

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ინიციატივით, საკალათბურთო ოჯახებისა და სპორტსმენების მხარდაჭერით, ზაზას აკადემიაში საქველმოქმედო  ტურნირ – აუქციონი გაიმართა.

    საქველმოქმედო ტურნირი  და აუქციონი #მაშკასთვის ორ-ნაწილად გაიმართა. 3 დეკემბრიდან  ზაზა ფაჩულიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ აუქციონი დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო :

    1. ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო მაისური.
    2. ბურთი “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” კალათბურთელების ხელმოწერით.
    3. ლაშა ტალახაძის საჩემპიონო ფეხსაცმელი.
    4. ჯაბა კანკავას ეროვნული ნაკრების მაისური.
    5. გიორგი შერმადინის ეროვნული ნაკრების მაისური.
    6. გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” მაისური.
    7. ვაკო ყაზაიშვილის ეროვნული ნაკრების მაისური.
    8. გურამ კაშიას ეროვნული ნაკრების მაისური.
    9. ლევან მჭედლიძის ეროვნული ნაკრების მაისური.
    10. ბექა ბურჯანაძის ეროვნული ნაკრების მაისური.
    11. დუდა სანაძის ეროვნული ნაკრების მაისური.
    12. გიორგი ჩაკვეტაძის ეროვნული ნაკრების მაისური.

    14-15-16 დეკემბერს კი, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დარბაზში  ჩატარდა ტურნირი 2008-2009 წელს დაბადებულ ბავშებს შორის. საქველმოქმედო ტურნირში მონაწილეობა 13 გუნდმა მიიღო. გუნდები სამ ქვე ჯგუფში გადანაწილდნენ.  3 ქვეჯგუფიდან პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი გავიდა. ტურნირის გამარჯვებული ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში  “იბერი” დაამარცხა.

    საქველმოქმედო ტურნირის გამარჯვებული “ზაზა 1”

     

    საქველმოქმედო ტურნირის ფინალისტი გუნდი “იბერი”

     

    გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური თასი გადაეცა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით თასისთვის და მედლებისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად მაშკას გამოჯანმრთელებას მოხმარდება. ერთობლივი ძალებით პატარა მაშკასთვის 11, 000 ლარი შეგროვდა.

     

     

    “ზაზა 1” ჩემპიონია 

    დავით მუმლაძისა და ვასო კუტალაძის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში “ჰიუნდაი 1” უმასპინძლა და დამაჯერებლად, 95:50, სძლია.

    “ზაზა 1”-მა უპირატესობა მატჩის პირველივე წუთებზე მოიპოვა და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე გუნდს გართულების გარეშე მოუგეს და თბილისის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვეს

    გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა და გამგეობის წევრმა მამუკა ლომიძემ გადასცეს. ტურნირის გამორჩეული მოთამაშე ზაზას აკადემიის წევრი, ლუკა მუჯირიშვილი გახდა.

    „საქართველოში ქალთა კალათბურთი უნდა გაძლიერდეს“

    ნატალია ოთხმეზური და ანა ქავთარაძე საკალათბურთო კარიერას ამერიკაში, ვაიომინგის შტატში, განაგრძობენ. ახალგაზრდა კალათბურთელები „კასპერს კოლეჯის“ სრული სტიპენდიანტები არიან. ქართულ ქალთა კალათბურთის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული კოლეჯი ქართველი კალათბურთელებით დაინტერესდა. ნატალიამ და ანამ მოახერხეს და ახალი ისტორია დაწერეს.

    გთავაზობთ ინტერვიუს ნატალია ოთხმეზურთან.

    – შენი შთაბეჭდილებები კოლეჯზე…

    კასპერის კოლეჯში ყველა პირობაა, რომ სრულყოფილად ისწავლო და ივარჯიშო. თითოეული დეტალი: კოლეჯის ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, საცხოვრებელი კამპუსები, გარემო, სათამაშო მოედანი, სავარჯიშო ინვენტარი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. მწვრთნელები ყოველთვის მზად არიან ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარონ და თითოეულ მოთამაშეს დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს ადგილი გაძლევს საშუალებას განვითარდე.

    – როგორია შენი დღის წესრიგი?

    ჩემი დღე იწყება ვარჯიშით და რა თქმა უნდა მთავრდება, ასევე, ვარჯიშით. აქ საკმაოდ მკაცრი რეჟიმია, ამიტომ ძირითადად ორიენტირებულები ვართ ვარჯიშზე და სწავლაზე. საღამოს ვმეცადინეობ და თუ დრო დამრჩება მეგობრებთან ერთად ვერთობი.

    – ქალთა კალათბურთი საქართველოში…

    სამწუხაროდ საქართველოში ქალთა კალათბურთი არაა პოპულარული, შესაბამისად ხელშეყობაც ნაკლებადაა და განვითარების ნაკლები პერსპექტივაა. ამერიკაში სპორტის ეს სახეობა სახელმწიფო ინტერესის დონეზეა აყვანილი და ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა როგორც ვაჟების, ასევე გოგოების კალათბურთს. საქართველოსაც იმავეს ვუსურვებდი. კარგი იქნება თუ პოპულარიზაციას გაუწევენ ქალთა კალათბურთს და მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით.

    – ზაზას აკადემიის როლი ნატალიას კარიერულ განვითარებაში?

    ზაზას აკადემიაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ვვარჯიშობდი ბიჭების გუნდში, ვვარჯიშობდი ინდივიდუალურად, გავდიოდი ფიზიკურ მომზადებას. აკადემია მაძლევდა განვითარების საშუალებას. აკადემიაში კალათბურთელებისთვის, საუკეთესო პირობებია შექმნილი.
    ზაზას აკადემიის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ამერიკაში ვაგრძელებ საკალათბურთო კარიერას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა ფაჩულიას მორალური და ფინანსური თანადგომისთვის. აგრეთვე, მინდა მადლობა ვუთხრა ზაზას აკადემიის დირექტორს გიორგი ალავიძეს, ზაზას აკადემიის ყოფილ სპორტულ დირექტორს ლაშა ფარღალავას და მთელ სამწვრთნელო კოლექტივს. ამ ადამიანების თანადგომა ნამდვილად ბევრს ნიშნავს.

    – რას უსურვებ ზაზა ფაჩულიას აკადემიას?

    ზაზას აკადემიას ვუსურვებ წარმატებას. ქართული კალათბურთის განვითრებისთის ეს აკაედმია ნამდვილად ბევრს აკეთებს და ვუსურვებ რომ ეს შემართება ბოლომდე შეინარჩუნონ.

    ნატალია და ანა გუნდელებთან ერთად.

    დირკ ნოვიცკი “ფაჩულიას აკადემიას” ესტუმრა

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას მსოფლიო კალათბურთის გერმანელი ვარსკვლავი,  დირკ ნოვიცკი ესტუმრა. ნოვიცკის ზაზამ პირადად უმასპინძლა.

    დალას მავერიკსის ლეგენდამ აკადემია დაათვალიერა, რის შემდეგაც ფაჩულიას აკადემიის მოთამაშეებს შეხვდა.  ნოვიცკიმ კარიერის პირველ ნაბიჯებზე და იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც მან NBA-მდე გაიარა. შეხვედრის ბოლოს დირკმა აკადემიას და ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და პატარა კალათბურთელების შეკითხვებს უპასუხა.

    “ზაზა იდეალური მასპინძელია. ის ზრუნავს აკადემიის, ქვეყნის, ქალაქისა და კულტურის განვითარებაზე. ზაზა ძალიან კარგი ადამიანია და მას სურს, რომ ყველაფერი კიდევ უფრო კარგი გახდეს. კარგია, რომ ფაჩულია გყავთ” – დირკ ნოვიცკი.

     

    ნახბარი და ბითაძე სტუმრად ზაზას აკადემიაში

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ ინდიანა პეისერსის ქართველ ცენტს გოგა ბითაძეს და NBA-ს ყოფილ მოთამაშეს, ბოშტიან ნახბარს უმასპინძლა. სტუმრები აკადემიის მოთამაშეებს შეხვდნენ და მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

    ” მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეები საჭირო რჩევებს იღებენ. მართალია, გოგა ბითაძე თვითონ არის ძალიან ახალგაზრდა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ ევროპულ კალათბურთში უკვე მიიღო გამოცდილება. შესანოშნავი კარიერა ჰქონდა ნახბარს. მან გაუზიარა აკადემიის მოთამაშეებს თავისი ემოციები, გამოცდილება.  სასარგებლო შეხვედრა გამოვიდა. კალათბურთში და ალბათ ზოგადად სპორტში ყველაფერი ისე ადვილი არაა, როგორც ხშირად გარედან ჩანს და ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის მსგავსი შეხვედრები აუცილებელია”, – ზაზა ფაჩულია.

     

    ზაზა ფაჩულიასა და აკადემიის ბავშების შეხვედრა

    დიდი კალათბურთისკენ 

    ზაზას აკადემიის კალათბურთელები, დაჩი ქავთარაძე და ირაკლი კილაძე, ვირჯინიაში, “ტოპ 100 ბანაკში” იმყოფებოდნენ. ბანაკში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, 100 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობდა.

    “ტოპ 100 ბანაკი”, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ მთავარ საკალათბურთო ღონისძიებად ითლვება. დაარსების დღიდან დღემდე ბანაკში მონაწილე 300-ზე მეტმა მოთამაშემ გაიკვალა გზა NBA-სკენ. მათ რიგებში არიან ცნობილი კალათბურთელები სტეფ კარი, კევინ დურანტი, ენტონ დევისი და ა.შ. კემპის მონაწილეები, 30-ზე მეტი, მოქმედი და ყოფილი NBA-ს კალათბურთელებისაგან იღებენ რჩევებს და ეუფლებიან საკალათბურთო ტექნიკას.

    -შთაბეჭდილებები…

    ირაკლი კილაძე:  „ სანამ ამერიკაში ჩავფრინდებოდით ორივეს გვქონდა წარმოდგენილი რა შეიძლებოდა დაგვხვედროდა, მაგრამ წარმოუდგენელია იმის სიტყვებით გადმოცემა, რაც დაგვხვდა, ეს უბრალოდ უნდა ნახო“.

    დაჩი ქავთარაძე:  „ “ტოპ 100 ბანაკი” გამორჩული იყო იმ კემპებისგან, რომელშიც აქამდე მიმიღია მონაწილეობა. ამერიკაში კალათბურთის ცალკე სამყაროა შექმნილი. საოცარი შეგრძნებაა იქ ყოფნა და კალათბურთის თამაში“

    -გამოცდილება…

    ირაკლი კილაძე:  „ იზოლირებულ კალათბურთს გვათამაშებდნენ, ინდივიდუალიზმზე იყო აქცენტი გაკეთებული. “.

    დაჩი ქავთარაძე:  „ კემპი არ იყო მხოლოდ კალათბურთის ტექნიკის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. გვიტარდებოდა სემინარები.მივიღეთ ინფორმაცია კალათბურთელის ცხოვრების სტილზე. განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა პირადი ცხოვრება, მეგობრებთან ურთიერთობა, უქმეებზეე გართობა, დამოკიდეულება ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და საჭირო იყო. “

    -რა მოგცა კემპზე გატარებულმა პერიოდმა?

    ირაკლი კილაძე:  „ შემმატა თავდაჯერება, მივიღე გამოცდილება და სათამაშო კლასი. შევიძინე ახალი მეგობრები”.

    დაჩი ქავთარაძე:  „ გამოცდილება, რომელიც დარწმუნებული ვარ მომავალში აუცილებლად გამომადგება”.

    -ბოლოს…

    დაჩი ქავთარაძე:  „ძალიან დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ზაზა ფაჩულიას კალათბირურთის აკადემიას. მათ მოგვცესს შანსი ამერიკულ კალათბურთს გავცნობოდით და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ჩვენს ოცნებას, NBA-ს“

    ირაკლი კილაძე: „ მადლოაბა ზაზას აკადემიას, რომ მოგვცა შანსი ეს გამოცდილება მიგვეღო. მადლობა აკადემიის ყველა იმ წევრს, ვინც წლების განმავლობაში გვგულშემატკივრობდა და ენერგიას არ ხარჯავდა ჩვენი განვითარებისთის”.

    “ზაზა” Jr. NBA-GBF ლიგის ჩემპიონია

    2018-2019 წლების სეზონის Junior NBA-GBF ლიგის გამარჯვებული  ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა, რომელიც ტურნირში “ჩიკაგო ბულსის” სახელით ასპარეზობდა.  ჟოლივეტ ტუჯანისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში “იუტა ჯაზის” სახელით მოასპარეზე “ქუთაისი 1” დაამარცხა. შეხვედრა ზაზას აკადემიის უპირატესობით წარიმართა. “ჩიკაგო ბულსმა” მეტოქე 46:28 დაამარცხა.

    Junior NBA-GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია, ტარდება. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკაემია უკვე მესამე წელია პირველობას არავის უთმობს.

    ფინალზე დასასწრებად თბილისში  Junior NBA-ს ელჩი ბოსტიან ნახბარი ჩამოვიდა, რომელიც წლების მანძილზე თმაშობდა NBA-ში და სლოვენიის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

    ფინალურ მატჩამდე ზაზას აკადემიის მესამე გუნდი და “იბერი” ერთმანეთს მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ.  “მემფის გრიზლისის” სახელით მოასპარეზე ზაზას აკადემიის   გუნდმა დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში “დეტროიტ პისტონსთან” (“იბერი”) – 23:22 დამარცხდა.

    ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები, ასევე ინდივიდუალური პრიზების მფლობელები ქართული კალათბურთის ცნობილ სახეებთან ერთად Junior NBA-ის ელჩმა, სლოვენიელმა ბოსტიან ნახბარმა დააჯილდოვეს.

    ჯუნიორ NBA-ს მეოთხე ადგილის მფლობელი  გახდა მემფის გრიზლისი/ ზაზა3, რომელიც სიგელებით დააჯილდოეს ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა მანუჩარ მარკოიშვილმა და გიორგი შერმადინმა.

    2019 წლის ჯუნიორ NBA-ს ჩემპიონ  გუნდს (ჩიკაგო ბულსი/ ზაზა1)   საჩემპიონო  ბეჭდები და სიგელები  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ნბა-ს ორგზის ჩემპიონმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გადასცეს.

    ტრადიციულად, გამოვლინდა 2018-2019  წლების სეზონის ჯუნიორ NBA-ს  8 საუკეთესო მოთამაშე. მათ ეროვნული ნაკრების მაისურები გიორგი შერმადინმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ და მიხეილ ბერიშვილმა გადასცეს.

    ზაზა1/ჩიკაგო ბულსი – თემუკა ფატარიძე, დაჩი მეშვილდეშვილი

    ქუთაისი1/იუტა ჯაზი –  გიორგი ნიკოლაევი, გერა ჭეიშვილი

    იბერი/ დეტროიტ პისტონსი – პეტრე ბაგრატიონი, სანდრო სახვაძე

    ზაზა3/ მემფის გრიზლისი – მათე ხატიაშვილი, მათე ნებიერიძე

     

    2018-2019  წლების სეზონის ჯუნიორ ნბა-ს  საუკეთესო მოთამაშე  თემუკა ფატარიძე (ზაზა1/ჩიკაგო ბულსი) გახდა,  რომელმაც ფინალურ მატჩში 27 ქულა დააგროვა. საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

     

     

    დიდი კალათბურთისკენ 

     „თავიდან ძალიან ვნერვიულობდი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგან ქართული კალათბურთის და ზაზას აკადემიის სახელით ვიყავი წასული. არ ვიცოდი, რა სირთულისა და ინტენსივობის ვარჯიშები იქნებოდა, თუმცა პროცესში ჩართვა გამიმარტივდა, რადგან ზაზას აკადემიაში უფრო მეტ დატვირთვასაც ვართ შეჩვეულები“,- ნიკა გაფრინდაშვილი.

    ზაზას აკადემიის მოთამაშე ნიკოლოზ გაფრინდაშვილი ლიტვაში, “კალათბურთი საზღვრების გარეშე” კემპზე იმყოფებოდა. აღნიშნული კემპი NBA-სა და FIBA-ს ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანი კალათბურთის, როგორც სპორტის სახეობის, პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებაა.

    4 დღიან კემპში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, 40 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობდა. ახალგაზრდა კალათბურთელები ვარჯიშებს NBA-სა და ევროპის საუკეთესო სპეციალისტებთან გადიოდნენ.

    -კემპზე…

    ძალიან თბილი და მეგობრული გარემო დამხვდა. მივიღე კარგი გამოცდილება და შევიძინე ახალი კონტაქტები, მოთამაშეებისა და მწვრთნელების სახით. უშუალოდ პროცესს რაც შეეხება, გვქონდა ინტენსიური ვარჯიშები გამოცდილ სპეციალისტებთან. კემპის ფარგლებში ჩატარდა ტურნირი, სადაც ჩემმა გუნდმა, Milwaukee Bucks -მა გაიმარჯვა. ამასთან, კემპის პირველივე დღეს ჩაატარეს სამიანების კონკურსი, რომელშიც 40-ივე მოთამაშე მონაწილეობდა. ფინალში 4 საუკეთესო მსროლელში მოვხვდი. 

    -ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელების პერსპექტივები ევროპაში…

    საქართველოში არიან ისეთი პერსპექტიული და ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც ძლიან თავისუფლად ითამაშებენ ევროპაში. მთავარია, უნდა გიყვარდეს ეს საქმე და უნდა იყო უსაზღვროდ მშრომელი, რადგან ვარჯიშის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია.

    – ბოლოს…

    ძლიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზაზას აკადემიას. ამ აკადემიაში გაძლევენ შესაძლებლობას, რომ განვითარდე და საჭირო გამოცდილება მიიღო. აქ სჯერათ ჩემი და სწორედ ამ ნდობისთის მინდა მათ ვუთხრა მადლობა.

    “ზაზა” საქართველოს U20 “ბ” ლიგის ჩემპიონია

    ირაკლი მაისურაძის გუნდმა გადამწყვეტი მატჩი “აკადემიასთან” მოიგო და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

    დაძაბული ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთი იყო დარჩენილი და ტაბლოზე ანგარიში 71:71 ფიქსირდებოდა, როდესაც “აკადემიელები” დაჩი ქავთარაძეს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. ქავთრაძემ ორივე საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა და “ზაზა” დაწინაურდა. საბოლოოდ შეხვედრა 73:71 “ზაზას” მოგებით დასრულდა.

    “ზაზას” 18 ქულით და 9 მოხსნით ნიკა მეცხვარიშვილმა ულიდერა. 15 ქულა და 5 პასი დაჩი ქავთარაძემ მიითვალა. 10-10 ქულით დაასრულეს შეხვედრა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ირაკლი კილაძემ.

    მატჩის და ტურნირის MVP ნიკა მეცხვარიშვილი გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე – დაჩი ქავთარაძე

    “ზაზა” ჩემპიონია!

    ტარტუში დასრულდა BBBL-ის საერთაშორისო ტურნირი ევროპის ჩემპიონატი კლუბებს შორის, რომლის 13-წლამდელთა ფინალში ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა ზაზამ 62:57 მოუგო რუსულ ადმირალს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ აბულაძე გახდა, რომელმაც ფინალში 33 ქულა დააგროვა.

    ზაზას შემადგენლობა: ნიკოლოზ აბულაძე, ტარიელ თაბუაშვილი, ანდრია ფილაური, მათე ხატიაშვილი, ამირან აროშიძე, ალექსანდრე შალოშვილი, ლუკა მუჯირიშვილი, საბა მამაცაშვილი, ანდრია რაზმაძე, ანდრია სალაყაია, ლუკა სულაბერიძე, გურამ ცხადაძე, ლიკა კვირკველია, ლუკა მეცხვარიაშვილი, ლუკა კოტლიარევსკი.

    გუნდის მწვრთნელები: უილ სმიტი და დავით მუმლაძე.

    ჩემპიონატი 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მონაცვლეობით ტარდებოდა ესტონეთსა და ლატვიაში. ლიგაზე  33 ასპარეზობდა. 2 ჯგუფში გადანაწილებულმა გუნდებმა 15-15 მატჩი  ჩაატარეს. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 8-8 საუკეთესო გუნდი გადავიდა.