
„საქართველოში ქალთა კალათბურთი უნდა გაძლიერდეს“
ნატალია ოთხმეზური და ანა ქავთარაძე საკალათბურთო კარიერას ამერიკაში, ვაიომინგის შტატში, განაგრძობენ. ახალგაზრდა კალათბურთელები „კასპერს კოლეჯის“ სრული სტიპენდიანტები არიან. ქართულ ქალთა კალათბურთის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული კოლეჯი ქართველი კალათბურთელებით დაინტერესდა. ნატალიამ და ანამ მოახერხეს და ახალი ისტორია დაწერეს.
გთავაზობთ ინტერვიუს ნატალია ოთხმეზურთან.
– შენი შთაბეჭდილებები კოლეჯზე…
კასპერის კოლეჯში ყველა პირობაა, რომ სრულყოფილად ისწავლო და ივარჯიშო. თითოეული დეტალი: კოლეჯის ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, საცხოვრებელი კამპუსები, გარემო, სათამაშო მოედანი, სავარჯიშო ინვენტარი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. მწვრთნელები ყოველთვის მზად არიან ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარონ და თითოეულ მოთამაშეს დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს ადგილი გაძლევს საშუალებას განვითარდე.
– როგორია შენი დღის წესრიგი?
ჩემი დღე იწყება ვარჯიშით და რა თქმა უნდა მთავრდება, ასევე, ვარჯიშით. აქ საკმაოდ მკაცრი რეჟიმია, ამიტომ ძირითადად ორიენტირებულები ვართ ვარჯიშზე და სწავლაზე. საღამოს ვმეცადინეობ და თუ დრო დამრჩება მეგობრებთან ერთად ვერთობი.
– ქალთა კალათბურთი საქართველოში…
სამწუხაროდ საქართველოში ქალთა კალათბურთი არაა პოპულარული, შესაბამისად ხელშეყობაც ნაკლებადაა და განვითარების ნაკლები პერსპექტივაა. ამერიკაში სპორტის ეს სახეობა სახელმწიფო ინტერესის დონეზეა აყვანილი და ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა როგორც ვაჟების, ასევე გოგოების კალათბურთს. საქართველოსაც იმავეს ვუსურვებდი. კარგი იქნება თუ პოპულარიზაციას გაუწევენ ქალთა კალათბურთს და მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით.
– ზაზას აკადემიის როლი ნატალიას კარიერულ განვითარებაში?
ზაზას აკადემიაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ვვარჯიშობდი ბიჭების გუნდში, ვვარჯიშობდი ინდივიდუალურად, გავდიოდი ფიზიკურ მომზადებას. აკადემია მაძლევდა განვითარების საშუალებას. აკადემიაში კალათბურთელებისთვის, საუკეთესო პირობებია შექმნილი.
ზაზას აკადემიის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ამერიკაში ვაგრძელებ საკალათბურთო კარიერას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა ფაჩულიას მორალური და ფინანსური თანადგომისთვის. აგრეთვე, მინდა მადლობა ვუთხრა ზაზას აკადემიის დირექტორს გიორგი ალავიძეს, ზაზას აკადემიის ყოფილ სპორტულ დირექტორს ლაშა ფარღალავას და მთელ სამწვრთნელო კოლექტივს. ამ ადამიანების თანადგომა ნამდვილად ბევრს ნიშნავს.
– რას უსურვებ ზაზა ფაჩულიას აკადემიას?
ზაზას აკადემიას ვუსურვებ წარმატებას. ქართული კალათბურთის განვითრებისთის ეს აკაედმია ნამდვილად ბევრს აკეთებს და ვუსურვებ რომ ეს შემართება ბოლომდე შეინარჩუნონ.
