
საქველმოქმედო ტურნირ-აუქციონი #მაშკასთვის
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ინიციატივით, საკალათბურთო ოჯახებისა და სპორტსმენების მხარდაჭერით, ზაზას აკადემიაში საქველმოქმედო ტურნირ – აუქციონი გაიმართა.
საქველმოქმედო ტურნირი და აუქციონი #მაშკასთვის ორ-ნაწილად გაიმართა. 3 დეკემბრიდან ზაზა ფაჩულიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ აუქციონი დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო :
1. ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო მაისური.
2. ბურთი “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” კალათბურთელების ხელმოწერით.
3. ლაშა ტალახაძის საჩემპიონო ფეხსაცმელი.
4. ჯაბა კანკავას ეროვნული ნაკრების მაისური.
5. გიორგი შერმადინის ეროვნული ნაკრების მაისური.
6. გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” მაისური.
7. ვაკო ყაზაიშვილის ეროვნული ნაკრების მაისური.
8. გურამ კაშიას ეროვნული ნაკრების მაისური.
9. ლევან მჭედლიძის ეროვნული ნაკრების მაისური.
10. ბექა ბურჯანაძის ეროვნული ნაკრების მაისური.
11. დუდა სანაძის ეროვნული ნაკრების მაისური.
12. გიორგი ჩაკვეტაძის ეროვნული ნაკრების მაისური.
14-15-16 დეკემბერს კი, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დარბაზში ჩატარდა ტურნირი 2008-2009 წელს დაბადებულ ბავშებს შორის. საქველმოქმედო ტურნირში მონაწილეობა 13 გუნდმა მიიღო. გუნდები სამ ქვე ჯგუფში გადანაწილდნენ. 3 ქვეჯგუფიდან პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი გავიდა. ტურნირის გამარჯვებული ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში “იბერი” დაამარცხა.


გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური თასი გადაეცა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით თასისთვის და მედლებისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად მაშკას გამოჯანმრთელებას მოხმარდება. ერთობლივი ძალებით პატარა მაშკასთვის 11, 000 ლარი შეგროვდა.