• მთავარი
  • სიახლეები
  • რეგისტრაცია
  • აკადემიის მიღწევები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ვინ ვართ ჩვენ
  • ZPA Family Card

    ⚡ წარმოგიდგენთ ZPA Family Card-ს!

    🟡 ბარათს, რომელიც აერთიანებს ჩვენ დიდ ოჯახს და დამატებით უპირატესობებს სთავაზობს ჩვენს ბავშვებსა და მათ მშობლებს

    ZPA Family Card არის ლოიალობის ბარათი, რომელიც გადაეცემა ჩვენი ყველა მოსწავლის ოჯახს. ბარათი აერთიანებს სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს სხვადასხვა პროდუქტებსა თუ სერვისებზე აკადემიის მეგობარ კომპანიებთან

    💳 როგორ მივიღო ZPA Family Card?
    ბარათის მისაღებად საჭიროა გვესტუმროთ აკადემიაში და ჩვენი ადმინისტრატორი დაგეხმარებათ რეგისტრაციაში.

    მეგობარი კომპანიები:
    ⚡ ZPA X Snap Fitness
    ZPA Family Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური -15% ფასდაკლებით სნეპ ფიტნესის შემდეგ ფილიალებში:
    • ყაზბეგის გამზ. 24გ, სავაჭრო ცენტრი “აქსისი”, სართ. 2;
    • ცინცაძის ქ. 37;
    • ჭავჭავაძის გამზ. 29.

    ⚡ ZPA X Edisonmedi • ედისონმედი
    ZPA Family Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით ედისონმედის ფართო სპექტრის სამედიცინო პროდუქციასა და სერვისზე:

    👉 -15% ფასდაკლება ორთოპედიულ პროდუქციაზე;
    👉 ტერფის დიაგნოსტიკა და ყოველდღიური სუპიანტორის დამზადებას  250 ლარი – 270 ლარის ნაცვლად;
    👉 ტერფის დიაგნოსტიკა და სპორტული სუპიანტორის დამზადება  250 ლარი – 290 ლარის ნაცვლად.

    🟡 ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია წარადგინოთ ZPA Family Card ედისონმედის შემდეგ ფილიალებში:
    • თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ. N58;
    • თბილისი, დიღომი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ. N1 (თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს 1-ლი სართული);
    • თბილისი, საბურთალო, იონა ვაკელის ქ. N2ა;
    • თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12ბ;
    • ზუგდიდი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N215.

    🔗 ედისომედის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის და პროდუქრების სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.edisonmedi.ge

    Top 5 ფილმი კალათბურთზე მშობლებისა და შვილებისთვის

    საინტერესოა თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი საყვარელი სპორტი – კალათბურთი და ხელოვნების ერთ-ერთი განხრა – კინო, ერთმანეთს უკავშირდება.

    თუ ხართ კალათბურთისა და ფილმების მოყვარული ეს სია თქვენთვისაა.

    მაშასადამე წარმოგიდგენთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელიც ამ არაჩვეულებრივ სინთეზს გვაძლევს:

    1. SPACE JAM
    Space jam – ფილმი 1996 წელს იქნა გადაღებული და იგი აერთიანებს როგორც კინოს, ასევე კალათბურთის მოყვარულებს.
    ანიმაციური ფილმი გამოშვების დღიდან პოპულარობით სარგებლობს როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებშიც. ფილმის ასეთი პოპულარობა განაპირობა ლეგენდარული კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის ეპიკურმა თავგადასავლებმა, რომელიც ფილმშია ნაჩვენები.
    მაიკლ ჯორდანის გარდა ფილმში მონაწილეობენ – ბილ მარი, ლარი ბერდი, ლარი ჯონსონი, ჩარლზ ბარკლი, სკოტი პიპენი, დენი ეინჯი და სხვები.

    2. COACH CARTER
    ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ისტორიას მწვრთნელის შესახებ, რომელიც ,,წარუმატებელი“ სტუდენტებისგან შემდგარ კალათბურთის გუნდს, შტატების ტურნირში გაამარჯვებინებს თავისი მიზანდასახულობითა და შემართებით.
    „ქუჩიდან – ჩემპიონებამდე“, ასე აფასებენ ფილმს კრიტიკოსები და ამბობენ, რომ ფილმი კალათბურთის სიყვარულის გარდა ბევრ საინტერესო ცხოვრებისეულ გაკვეთილს გვასწავლის.
    მწვრთნელი კარტერის როლს, არაჩვეულებრივი მსახიობი – სემუელ ლეროი ჯექსონი ასრულებს.

    3. LOVE & BASKETBALL
    რომანტიკული დრამა მონიკა და ქვინსის ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომელთათვისაც კალათბურთი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლავთ. მათი ოცნებაა დაეუფლონ კალათბურთს პროფესიონალურად და თამაში NBA-ში გააგრძელონ. საინტერესოა თუ როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა მაშინ, როდესაც წყვილის ოცნებები ერთმანეთს გადაეკვეთება.

    4. THUNDERSTRUCK

    რა ხდება მაშინ, როდესაც 16 წლის კალათბურთის მოყვარულ, მოუხერხებელ ბიჭს თავისი საყვარელი კალათბურთელის – კევინ დურანტის შესაძლებლობები ეძლევა და ამავდროულად კევინ დურანტს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ხელიდან ეცლება?
    ფილმში კევინ დურანტის როლს თავად კევინი ასრულებს.

    5. CELTIC PRIDE

    ალბათ ყველას გვსმენია სხვა და სხვა გამაოგნებელი ქცევების შესახებ, რომლებსაც სპორტის გადაჭარბებულად ერთგული ქომაგები ჩადიან ხოლმე, მაგრამ ცოტას თუ სმენია ისეთი დაუჯერებელი ისტორიის შესახებ, რომელიც ამ ფილმშია წარმოდგენილი.
    ფილმი კომედიური ჟანრისაა და მოგვითხრობს ორ კალათბურთის მოყვარულ პერსონაჟზე, რომლებიც მზად არიან გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა გაიმარჯვოს. ისინი მზად არიან მოიტაცონ მოწინააღმდეგე გუნდის საუკეთესო მოთამაშეც კი, რადგან მათ საყვარელ გუნდს გამარჯვებაში ხელი არ შეეშალოს.

    ვაკანსია: სოც. მედია მენეჯერი

    „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიისა“ და Shoot 360-ს მარკეტინგის გუნდში ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს.

    თუ ხარ კალათბურთის მოყვარული, კონტენტის შექმნის უბადლო ოსტატი, ერკვევი ტრენდებში, გემოვნებიანი, დროის მენეჯმენტის შესაშური უნარითა და პასუხისმგებლობის გრძნობით, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

    პოზიცია: სოციალური მედიის მენეჯერი
    დამქირავებელი: Shoot 360 / ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია
    სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.წერეთლის გამზ. 105ა
    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (14:00 – 20:00)
    შაბათი – (10:00-14:00)
    ანაზღაურება: 1 000₾ (Net)

    ძირითადი მოვალეობები:

    • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
    • ციფრული არხებისთვის კონტენტის და საჭირო ფოტო-ვიდეო მასალის შექმნა;
    • ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების (Facebook, Instagram, YouTube, Tik Tok) მართვა და განვითარება;
    • სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
    • შედეგების ყოველთვიური ანგარიშის მიწოდება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე;
    • ინგლისური ენის ფლობა წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე;
    • MS Office სრულყოფილი ცოდნა;
    • საკალათბურთო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

    ჩვენ გპირდებით მეგობრულ გუნდს, საინტერესო პროექტებს და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

    დაინტერესდი? მაშინ გამოგვიგზავნე შენი CV – info@shoot360.ge-ზე – Subject: SMM

    გისურვებთ წარმატებას!

    აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

    ახალი სეზონი აკადემიაში

    13 სექტემბერიდან აკადემია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

    ახალ სეზონს უფრო მეტი შემართებით და ძალიან მონატებულები ვიწყებთ.

    გთხოვთ, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

    დეტალურ ინფორმაციას ვარჯიშების შესახებ მოგაწოდებთ მოგვიანებით.

    ლიკა კვირკველია – გოგონა ქობულეთიდან, რომელმაც ესპანური ისტორია დაწერა !

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში კიდევ ერთი ისტორია დაიწერა. 16 წლის ლიკა კვირკველია საკალათბურთო კარიერას ესპანეთში, CB Adareva Tenerife – ში, სრული დაფინანსებით გააგრძელებს.
    ლიკა 3 წლის განმავლობაში სანტა-კრუს-დე-ტენერიფეზე იცხოვრებს და, საკალათბურთო გამოცდილებასთან ერთად, ცოდნას ადგილობრივ სკოლაში მიიღებს.
    „პირველ რიგში მადლობა ზაზა ფაჩულიას აკადემიას გაწეული შრომისათვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში აკადემია დამეხმარა განვითარებაში და უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. ყველანაირად ვეცდები, გავამართლო ყველა იმ ადამიანის იმედი, ვინც მგულმშემატკივრობს. აუცილებლად გავაკეთებ მაქსიმუს, რომ საქართველოს სახელი კიდევ გაჟღერდეს საზღვრებს გარეთ“.
    ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ლიკა 2018 წლის სექტემბერში აღმოაჩინა და ბათუმის ასაკობრივი გუნდიდან გადმოიყვანა. ახალგაზრდა კალათბურთელი აკადემიაში ბიჭების გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ფიზიკურ და ინდივიდუალურ მომზადებას გადიოდა. გარდა ამისა, 2019 წელს იგი , 2006-წლიანების გუნდთან ერთად, ლიტვაში, ბალტიის ლიგაზე, ასპარეზობდა
    ჩვენი აკადემია ქალთა კალათბურთის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული. ჩვენთან გრძელდება ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიება და მათი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება.

    “ზაზას” აკადემიის მორიგი ინოვაციური პროექტი

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადადის. Sportsengine – აპლიკაცია, რომელიც აკადემიის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.  მისი გამოყენება მშობლებს საშუალებას აძლევს უფრო აქტიურად ჩაერთონ შვილების სპორტულ ცხოვრებაში.

    აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებლებმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ sportsengine, ხოლო ანდროიდის მფლობელები აპლიკაციის გადმოწერას, შემდეგი ბმულის დახმარებით შეძლებენ

    გადმოწერა

    ეზოს სტადიონიდან – “ზაზას” აკადემიაში

    “საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ასე დაიწყო ჩემი ისტორია”.

    ლევან ძინძიბაძე 15 წლისაა და სიმაღლეში 193 სანტიმეტრია. ასაკთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო, ამიტომ მისი შემჩნევა სკოლის კალათბურთის მასწავლებელს არ გასჭირვებია. 10 წლის ლევანი, მასწავლებლის თხოვნით სკოლის გუნდთან ერთად იწყებს ვარჯიშს. თუმცა, როგორც ამბობს თავიდან კალათბურთს სერიოზულად არ აღიქვამდა.

    ინტერესი სპორტის ამ სახეობის მიმართ, აქტიური ვარჯიშისა და სკოლის გუნდის სახელით გამართული თამაშების შემდეგ გაუჩნდა. მალევე კალათბურთი მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თამაშობდა ეზოს სტადიონზე მეგობრებთან ერთად. ერთხელაც, მისი თამაში ახლობელმა ნახა და ურჩია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში მისულიყო.

    “ახლობელმა ეზოში თამაშის დროს დამინახა. შემდეგ ჩემს მშობლებს დაუკავშირდა და გადაწყდა, რომ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დავიწყებდი სიარულს. ხომ გსმენიათ საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდაო, სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. დიდი მადლობა ამ ადამიანს, რომ მე დღეს ვარ კალათბურთში და ვარ “ზაზას” წევრი.”

    ფაჩულიას აკადემიაში 5 წლის წინ მოვიდა. სწორედ აქედან იწყება ლევანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი. უკვე სპორტის ამ სახეობაზე სერიოზულად იწყებს ფიქრს. ვარჯიშობს აქტიურად და განვითარებისთვის ბევრს შრომობს. ლევანის ფიზიკური მონაცემები, ნიჭი და მონდომება საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას “ზაზას” ასაკობრივი გუნდის რიგებში ეთამაშა. პარალელურად ახალგაზრდა, ნიჭიერმა კალათბურთელმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მაისური მოირგო.

    “ჩემი დიდი მოტივაციაა გარემო, სადაც ვარ, საუკეთესო მწვრთნელები, რომლებიც ამ 5 წლის მანძილზე  მავარჯიშებენ და “ზაზას” თითოეული წევრის დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. ვამაყობ, რომ გავიცანი ეს ადამიანები.”

    აკადემიისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების რიგებში, არაერთი მატჩი გაუმართავს. ლევანის საკალათბურთო ისტორიაში იყო გამარჯვება, მარცხი, ტიტულები და ინდივიდუალური პრიზები. თუმცა, მისთვის გამორჩეული 2019 წელი აღმოჩნდა, როდესაც ორჯერ გახდა საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP) – სლოვენიაში ზაზა ფაჩულიას აკადემიის სახელით და მოსკოვში საქართველის ასაკობრივი ნაკრების სახელით.

    ყველა წარმატებისა და გამარჯვების შემდეგ მომავალზე ფიქრობს. საკუთარი თავი მარტო კალათბურთში წამოუდგენია. ევროლიგა ან NBA და ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება, ასეთია ლევანის გეგმა. 15 წლის კალათბურთელს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. იცის, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი და ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. როგორც მისი საყვარელი კალათბურთელი, კევინ დურანტი იტყოდა “Hard work beats talent when talent fails to work hard.”

     

    ბიჭი, რომელმაც კალათბურთი უზომოდ შეიყვარა

    ოთხი სამმაგი დუბლი ზაზას რიგებში და 19 წუთში გაკეთებული ოთხმაგი დუბლი დინამოს მაისურით. 10 წლის წინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ საქართველოს ასაკობრივი ტურნირის რეკორდების სიაში მისი სახელი ჩაიწერებოდა. მითუმეტეს, რომ სპორტის ამ სახეობაში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. 9 წლის იყო, როცა მეგობარს ვარჯიშზე გაყვა. გაუთვალისწინებელი მიზეზებით მეგობრის გუნდს მოთამაშე დააკლდა და ლუკა ქუტიძის საკალათბურთო ისტორია სწორედ ამ დროს დაიწყო.

    მოდით უკეთ გავიცნოთ ბიჭი, რომელმაც კალათბურთი შემთხვევით, თუმცა უზომოდ შეიყვარა. 

    – როგორც გვითხარი კალათბურთის თამაში შემთხვევით დაიწყე, რა გახდა სპორტის ამ სახეობაში დარჩენის მოტივაცია?

    ვინ თუ არა მაისა! დღემდე მახსოვს პირველი შექება, რომელიც ირაკლი მაისურაძისგან დავიმსახურე. მოტივაციამაც სწორედ ამ დროს იფეთქა. ის იყო პირველი, რომელმაც ჩემში ნიჭი დაინახა და შემდეგ გააღვივა. მასთან ვარჯიში და ურთიერთობა ყოველთვის ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

    – 9 წელი კალათბურთში, როგორია ლუკას განვლილი ეტაპი?

    პირველი გუნდი იყო TBC, პირველი ნაბიჯი კალათბურთში. შემდეგ დინამოს დიდი ოჯახის წევრი გავხდი, სადაც დასამახსოვრებელი წლები გავატარე. შევხვდი მნიშვნელოვან ადამიანებს. ჩემი მწვრთნელის, მამუკა ტურაშვილის დამსახურებით თავიდან შემიყვარდა კალათბურთი. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. შემდეგ დადგა “ზაზაში” თამაშის ეპოქა. რაც ყველაზე საინტერესოა და სასიამოვნოა, კვლავ ჩემს პირველ მწვრთნელთან, ირაკლი მაისურაძესთან ერთად მიწევს მუშაობა.

    როგორი გუნდია “ზაზა”?

    ძლიერი გუნდი ვართ. ყოვეთვის ვცდილობთ მოედანზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს, ირაკლი მაისურაძე და დავით არწივიძე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც მთელი ცხოვრება ვიმეგობრებთ. ეს ყველაფერი იმაზე მეტია, ვიდრე მოედანზე გატარებული ერთი საათი.

    – თამაში, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდა?

    ყველა თამაში, სადაც სულს, გულს და ენერგიას დებ არასდროს გავიწყდება. თუმცა, არის ფაქტები, რომლებიც განსაკუთრებულად რჩება გონებაში. მაგალითად დინამოში თამაშის დროს გავაკეთე ოთხმაგი დუბლი, 15 ქულა, 15 პასი, 11 ჩაჭრა და 10 მოხსნა. ეს შედეგი და მატჩი ყოველთვის გამორჩეულად იქნება ჩემს გონებაში, რადგან ჩემი პირველი დიდი მიღწევა იყო.

    – გამორჩეული მეტოქე ასაკობრივ ჩემპიონატზე?

    ალბათ დინამო… ეს ის გუნდია, რომელიც დიდი შრომის შედეგად კარგ შედეგს დებს, ამიტომაც არის ძლიერი და გამორჩეული კონკურენტი.

    – საყვარელი კალათბურთელი?

    სტეფ კარი. მისი თამაშის სტილი ჩემთვის გამორჩეულია.

    –  სად ისურვებდი თამაშის გაგრძელებას?

    ძალიან მინდა ეროვნულ ნაკრებში თამაში. საკუთარი ქვეყნის მაისურით მოედანზე გასვლა დიდი სტიმულია. პარალელურად ევროლიგაში ვითამაშებდი. 

    “კალათბურთი ყველაზე ინტელექტუალური, სწრაფი და ლამაზი სპორტია”

    დავით არწივიძის კარიერა, მშობლიურ ქალაქში, რუსთავში დაიწყო. 13 წლის განმავლობაში უმაღლესი ლიგის გუნდებში თამაშობდა. „რუსთავის“ მაისურით ორჯერ გახდა ჩემპიონი. შემდეგ იყო „თსუს“ „სასოფლო უნივერსიტეტის“ „სამედიცინო უნივერსიტეტისა“, და „კაკტუსის“ რიგებში. კარიერის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა სპორტის საყვარელ სახეობას არ ჩამოშორებოდა და სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

    32 წლის ასაკში რუსთავის ქალთა საკალათბურთო გუნდის „ვეჯინის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. 2014-2015 წლებში, დავით არწივიძის გაწვრთნილი „ვეჯინი“ საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი ხდება. შემდეგ იყო „ტიტების“ ასისტენტ მწვრთნელი. 2019 წელს კი „დელტას“ შეუერთდა. „დელტა“, მთავარი მწვრთნელის ლექსო ლაფანაშვილისა და ასისტენტ მწვრთნელის დავით არწივიძის ხელმძღვანელობით ჯერ „დუდუ დადიანის“ სახელობის თასის მფლობელი, შემდეგ კი სუპერ ლიგის ჩემპიონი გახდა.

    ამჟამად სამწვრთნელო კარიერას, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში აგრძელებს, სადაც 2006 წლიანების, „ზაზა 3“-ის მთავარი და U17 პირველი გუნდის ასისტენტ მწვრთნელია.

    –  როგორი მწვრთნელია დავით არწივიძე?
       ვარჯიშზე ყოველთვის ვცდილობ მომავალი თაობისთვის სამაგალითო ვიყო. ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და პროცესში ყოველთვის ბოლომდე ვარ ჩართული. ვარჯიშებს ისე ვგეგამ, რომ ბავშვებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდეს.
     ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ოფიციალური თამაშებია, რადგან ვარჯიშისგან განსხვავებით მატჩის მსვლელობისას მოთამაშეს ვერ აუხსნი თუ რა შეცდომა დაუშვა. ყოველთვის ვცდილობ მატჩის მსველობისას  შევისწავლო მეტოქე გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები, მივიღო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილელები, რომ გუნდს გამარჯვება მოვუტანო.

    – რატომ კალათბურთი ?
      კალათბურთი ჩემთვის ყველაზე ინტელექტუალური, სწრაფი და ლამაზი სპორტია.  12 წლის ასაკიდან  ის ჩემი ცხოვრება გახდა და მის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.

    – საყვარელი კალათბურთელი ?
      ბავშვობიდან, როგორც უმეტესობისთვის, ჩემი საყვარელი კალათბურთელი არის მაიკლ ჯორდანი, თუმცა გამოვარჩევდი ალან აივერსონი სათამშო სტილსაც, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შემაყვარა.

    – მისაბაძი მწვრთნელი?

      ჩემი ფავორიტი მწვრთნელია ჟელკო ობრადოვიჩი და გრეგ პოპოვიჩი.

    – თავისუფალი დრო…

     თავისუფალ დროს ვცდილობ ოჯახთან ერთად გავატარო. მყავს 12 წლის ლუკა და 4 წლის მანიკა, რომლებიც ჩემმა ულამაზესმა მეუღლემ ტატამ მაჩუქა.

    “ზაზა” “ოლიმიას თასის” ჩემპიონია

    ზაზა ფაჩულიას აკადემიის 13-წლამდელთა და 15-წლამდელთა გუნდები სლოვენიაში,  “ოლიმიას თასზე” ასპარეზობდნენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

    დავით მუმლაძისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა 15-წლამდელთა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო და ფინალში იტალიურ კლუბ “აზურას” დაუპირისპირდა, რომელიც 92:63 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ზაზას აკადემიის წევრი ლევან ძინძიბაძე დაასახელეს.

    ზაზას აკადემიის U15 გუნდი “ოლიმიას თასის” ჩემპიონი

     

    ფინალში გავიდა ზაზას აკადემიის სერბი სპეციალისტის, ზორან პენოს გაწვრთნილი 13-წლამდელთა გუნდიც, რომელიც საჩემპიონი მატჩში ასევე იტალიურ “აზურას” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძლაში დამარცხდა.  გუნდი “ოლიმპიას თასის” ვიცე-ჩემპიონი გახდა.

    ზაზას აკადემიის U13 გუნდი – “ოლიმიას თასის” ვიცე ჩემპიონი