• მთავარი
  • სიახლეები
  • რეგისტრაცია
  • აკადემიის მიღწევები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ვინ ვართ ჩვენ
  • ბიჭი, რომელმაც კალათბურთი უზომოდ შეიყვარა

    ოთხი სამმაგი დუბლი ზაზას რიგებში და 19 წუთში გაკეთებული ოთხმაგი დუბლი დინამოს მაისურით. 10 წლის წინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ საქართველოს ასაკობრივი ტურნირის რეკორდების სიაში მისი სახელი ჩაიწერებოდა. მითუმეტეს, რომ სპორტის ამ სახეობაში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. 9 წლის იყო, როცა მეგობარს ვარჯიშზე გაყვა. გაუთვალისწინებელი მიზეზებით მეგობრის გუნდს მოთამაშე დააკლდა და ლუკა ქუტიძის საკალათბურთო ისტორია სწორედ ამ დროს დაიწყო.

    მოდით უკეთ გავიცნოთ ბიჭი, რომელმაც კალათბურთი შემთხვევით, თუმცა უზომოდ შეიყვარა. 

    – როგორც გვითხარი კალათბურთის თამაში შემთხვევით დაიწყე, რა გახდა სპორტის ამ სახეობაში დარჩენის მოტივაცია?

    ვინ თუ არა მაისა! დღემდე მახსოვს პირველი შექება, რომელიც ირაკლი მაისურაძისგან დავიმსახურე. მოტივაციამაც სწორედ ამ დროს იფეთქა. ის იყო პირველი, რომელმაც ჩემში ნიჭი დაინახა და შემდეგ გააღვივა. მასთან ვარჯიში და ურთიერთობა ყოველთვის ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

    – 9 წელი კალათბურთში, როგორია ლუკას განვლილი ეტაპი?

    პირველი გუნდი იყო TBC, პირველი ნაბიჯი კალათბურთში. შემდეგ დინამოს დიდი ოჯახის წევრი გავხდი, სადაც დასამახსოვრებელი წლები გავატარე. შევხვდი მნიშვნელოვან ადამიანებს. ჩემი მწვრთნელის, მამუკა ტურაშვილის დამსახურებით თავიდან შემიყვარდა კალათბურთი. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. შემდეგ დადგა “ზაზაში” თამაშის ეპოქა. რაც ყველაზე საინტერესოა და სასიამოვნოა, კვლავ ჩემს პირველ მწვრთნელთან, ირაკლი მაისურაძესთან ერთად მიწევს მუშაობა.

    როგორი გუნდია “ზაზა”?

    ძლიერი გუნდი ვართ. ყოვეთვის ვცდილობთ მოედანზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს, ირაკლი მაისურაძე და დავით არწივიძე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც მთელი ცხოვრება ვიმეგობრებთ. ეს ყველაფერი იმაზე მეტია, ვიდრე მოედანზე გატარებული ერთი საათი.

    – თამაში, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდა?

    ყველა თამაში, სადაც სულს, გულს და ენერგიას დებ არასდროს გავიწყდება. თუმცა, არის ფაქტები, რომლებიც განსაკუთრებულად რჩება გონებაში. მაგალითად დინამოში თამაშის დროს გავაკეთე ოთხმაგი დუბლი, 15 ქულა, 15 პასი, 11 ჩაჭრა და 10 მოხსნა. ეს შედეგი და მატჩი ყოველთვის გამორჩეულად იქნება ჩემს გონებაში, რადგან ჩემი პირველი დიდი მიღწევა იყო.

    – გამორჩეული მეტოქე ასაკობრივ ჩემპიონატზე?

    ალბათ დინამო… ეს ის გუნდია, რომელიც დიდი შრომის შედეგად კარგ შედეგს დებს, ამიტომაც არის ძლიერი და გამორჩეული კონკურენტი.

    – საყვარელი კალათბურთელი?

    სტეფ კარი. მისი თამაშის სტილი ჩემთვის გამორჩეულია.

    –  სად ისურვებდი თამაშის გაგრძელებას?

    ძალიან მინდა ეროვნულ ნაკრებში თამაში. საკუთარი ქვეყნის მაისურით მოედანზე გასვლა დიდი სტიმულია. პარალელურად ევროლიგაში ვითამაშებდი. 

    საქველმოქმედო ტურნირ-აუქციონი #მაშკასთვის

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ინიციატივით, საკალათბურთო ოჯახებისა და სპორტსმენების მხარდაჭერით, ზაზას აკადემიაში საქველმოქმედო  ტურნირ – აუქციონი გაიმართა.

    საქველმოქმედო ტურნირი  და აუქციონი #მაშკასთვის ორ-ნაწილად გაიმართა. 3 დეკემბრიდან  ზაზა ფაჩულიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ აუქციონი დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო :

    1. ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო მაისური.
    2. ბურთი “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” კალათბურთელების ხელმოწერით.
    3. ლაშა ტალახაძის საჩემპიონო ფეხსაცმელი.
    4. ჯაბა კანკავას ეროვნული ნაკრების მაისური.
    5. გიორგი შერმადინის ეროვნული ნაკრების მაისური.
    6. გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” მაისური.
    7. ვაკო ყაზაიშვილის ეროვნული ნაკრების მაისური.
    8. გურამ კაშიას ეროვნული ნაკრების მაისური.
    9. ლევან მჭედლიძის ეროვნული ნაკრების მაისური.
    10. ბექა ბურჯანაძის ეროვნული ნაკრების მაისური.
    11. დუდა სანაძის ეროვნული ნაკრების მაისური.
    12. გიორგი ჩაკვეტაძის ეროვნული ნაკრების მაისური.

    14-15-16 დეკემბერს კი, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დარბაზში  ჩატარდა ტურნირი 2008-2009 წელს დაბადებულ ბავშებს შორის. საქველმოქმედო ტურნირში მონაწილეობა 13 გუნდმა მიიღო. გუნდები სამ ქვე ჯგუფში გადანაწილდნენ.  3 ქვეჯგუფიდან პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი გავიდა. ტურნირის გამარჯვებული ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში  “იბერი” დაამარცხა.

    საქველმოქმედო ტურნირის გამარჯვებული “ზაზა 1”

     

    საქველმოქმედო ტურნირის ფინალისტი გუნდი “იბერი”

     

    გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური თასი გადაეცა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით თასისთვის და მედლებისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად მაშკას გამოჯანმრთელებას მოხმარდება. ერთობლივი ძალებით პატარა მაშკასთვის 11, 000 ლარი შეგროვდა.

     

     

    “ზაზა” ჩემპიონია!

    ტარტუში დასრულდა BBBL-ის საერთაშორისო ტურნირი ევროპის ჩემპიონატი კლუბებს შორის, რომლის 13-წლამდელთა ფინალში ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა ზაზამ 62:57 მოუგო რუსულ ადმირალს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ აბულაძე გახდა, რომელმაც ფინალში 33 ქულა დააგროვა.

    ზაზას შემადგენლობა: ნიკოლოზ აბულაძე, ტარიელ თაბუაშვილი, ანდრია ფილაური, მათე ხატიაშვილი, ამირან აროშიძე, ალექსანდრე შალოშვილი, ლუკა მუჯირიშვილი, საბა მამაცაშვილი, ანდრია რაზმაძე, ანდრია სალაყაია, ლუკა სულაბერიძე, გურამ ცხადაძე, ლიკა კვირკველია, ლუკა მეცხვარიაშვილი, ლუკა კოტლიარევსკი.

    გუნდის მწვრთნელები: უილ სმიტი და დავით მუმლაძე.

    ჩემპიონატი 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მონაცვლეობით ტარდებოდა ესტონეთსა და ლატვიაში. ლიგაზე  33 ასპარეზობდა. 2 ჯგუფში გადანაწილებულმა გუნდებმა 15-15 მატჩი  ჩაატარეს. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 8-8 საუკეთესო გუნდი გადავიდა.