• მთავარი
  • სიახლეები
  • რეგისტრაცია
  • აკადემიის მიღწევები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ვინ ვართ ჩვენ
  • ლიკა კვირკველია – გოგონა ქობულეთიდან, რომელმაც ესპანური ისტორია დაწერა !

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში კიდევ ერთი ისტორია დაიწერა. 16 წლის ლიკა კვირკველია საკალათბურთო კარიერას ესპანეთში, CB Adareva Tenerife – ში, სრული დაფინანსებით გააგრძელებს.
    ლიკა 3 წლის განმავლობაში სანტა-კრუს-დე-ტენერიფეზე იცხოვრებს და, საკალათბურთო გამოცდილებასთან ერთად, ცოდნას ადგილობრივ სკოლაში მიიღებს.
    „პირველ რიგში მადლობა ზაზა ფაჩულიას აკადემიას გაწეული შრომისათვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში აკადემია დამეხმარა განვითარებაში და უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. ყველანაირად ვეცდები, გავამართლო ყველა იმ ადამიანის იმედი, ვინც მგულმშემატკივრობს. აუცილებლად გავაკეთებ მაქსიმუს, რომ საქართველოს სახელი კიდევ გაჟღერდეს საზღვრებს გარეთ“.
    ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ლიკა 2018 წლის სექტემბერში აღმოაჩინა და ბათუმის ასაკობრივი გუნდიდან გადმოიყვანა. ახალგაზრდა კალათბურთელი აკადემიაში ბიჭების გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ფიზიკურ და ინდივიდუალურ მომზადებას გადიოდა. გარდა ამისა, 2019 წელს იგი , 2006-წლიანების გუნდთან ერთად, ლიტვაში, ბალტიის ლიგაზე, ასპარეზობდა
    ჩვენი აკადემია ქალთა კალათბურთის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული. ჩვენთან გრძელდება ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიება და მათი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება.

    ეზოს სტადიონიდან – “ზაზას” აკადემიაში

    “საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ასე დაიწყო ჩემი ისტორია”.

    ლევან ძინძიბაძე 15 წლისაა და სიმაღლეში 193 სანტიმეტრია. ასაკთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო, ამიტომ მისი შემჩნევა სკოლის კალათბურთის მასწავლებელს არ გასჭირვებია. 10 წლის ლევანი, მასწავლებლის თხოვნით სკოლის გუნდთან ერთად იწყებს ვარჯიშს. თუმცა, როგორც ამბობს თავიდან კალათბურთს სერიოზულად არ აღიქვამდა.

    ინტერესი სპორტის ამ სახეობის მიმართ, აქტიური ვარჯიშისა და სკოლის გუნდის სახელით გამართული თამაშების შემდეგ გაუჩნდა. მალევე კალათბურთი მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თამაშობდა ეზოს სტადიონზე მეგობრებთან ერთად. ერთხელაც, მისი თამაში ახლობელმა ნახა და ურჩია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში მისულიყო.

    “ახლობელმა ეზოში თამაშის დროს დამინახა. შემდეგ ჩემს მშობლებს დაუკავშირდა და გადაწყდა, რომ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დავიწყებდი სიარულს. ხომ გსმენიათ საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდაო, სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. დიდი მადლობა ამ ადამიანს, რომ მე დღეს ვარ კალათბურთში და ვარ “ზაზას” წევრი.”

    ფაჩულიას აკადემიაში 5 წლის წინ მოვიდა. სწორედ აქედან იწყება ლევანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი. უკვე სპორტის ამ სახეობაზე სერიოზულად იწყებს ფიქრს. ვარჯიშობს აქტიურად და განვითარებისთვის ბევრს შრომობს. ლევანის ფიზიკური მონაცემები, ნიჭი და მონდომება საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას “ზაზას” ასაკობრივი გუნდის რიგებში ეთამაშა. პარალელურად ახალგაზრდა, ნიჭიერმა კალათბურთელმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მაისური მოირგო.

    “ჩემი დიდი მოტივაციაა გარემო, სადაც ვარ, საუკეთესო მწვრთნელები, რომლებიც ამ 5 წლის მანძილზე  მავარჯიშებენ და “ზაზას” თითოეული წევრის დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. ვამაყობ, რომ გავიცანი ეს ადამიანები.”

    აკადემიისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების რიგებში, არაერთი მატჩი გაუმართავს. ლევანის საკალათბურთო ისტორიაში იყო გამარჯვება, მარცხი, ტიტულები და ინდივიდუალური პრიზები. თუმცა, მისთვის გამორჩეული 2019 წელი აღმოჩნდა, როდესაც ორჯერ გახდა საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP) – სლოვენიაში ზაზა ფაჩულიას აკადემიის სახელით და მოსკოვში საქართველის ასაკობრივი ნაკრების სახელით.

    ყველა წარმატებისა და გამარჯვების შემდეგ მომავალზე ფიქრობს. საკუთარი თავი მარტო კალათბურთში წამოუდგენია. ევროლიგა ან NBA და ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება, ასეთია ლევანის გეგმა. 15 წლის კალათბურთელს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. იცის, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი და ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. როგორც მისი საყვარელი კალათბურთელი, კევინ დურანტი იტყოდა “Hard work beats talent when talent fails to work hard.”

     

    “კალათბურთი ყველაზე ინტელექტუალური, სწრაფი და ლამაზი სპორტია”

    დავით არწივიძის კარიერა, მშობლიურ ქალაქში, რუსთავში დაიწყო. 13 წლის განმავლობაში უმაღლესი ლიგის გუნდებში თამაშობდა. „რუსთავის“ მაისურით ორჯერ გახდა ჩემპიონი. შემდეგ იყო „თსუს“ „სასოფლო უნივერსიტეტის“ „სამედიცინო უნივერსიტეტისა“, და „კაკტუსის“ რიგებში. კარიერის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა სპორტის საყვარელ სახეობას არ ჩამოშორებოდა და სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

    32 წლის ასაკში რუსთავის ქალთა საკალათბურთო გუნდის „ვეჯინის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. 2014-2015 წლებში, დავით არწივიძის გაწვრთნილი „ვეჯინი“ საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი ხდება. შემდეგ იყო „ტიტების“ ასისტენტ მწვრთნელი. 2019 წელს კი „დელტას“ შეუერთდა. „დელტა“, მთავარი მწვრთნელის ლექსო ლაფანაშვილისა და ასისტენტ მწვრთნელის დავით არწივიძის ხელმძღვანელობით ჯერ „დუდუ დადიანის“ სახელობის თასის მფლობელი, შემდეგ კი სუპერ ლიგის ჩემპიონი გახდა.

    ამჟამად სამწვრთნელო კარიერას, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში აგრძელებს, სადაც 2006 წლიანების, „ზაზა 3“-ის მთავარი და U17 პირველი გუნდის ასისტენტ მწვრთნელია.

    –  როგორი მწვრთნელია დავით არწივიძე?
       ვარჯიშზე ყოველთვის ვცდილობ მომავალი თაობისთვის სამაგალითო ვიყო. ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და პროცესში ყოველთვის ბოლომდე ვარ ჩართული. ვარჯიშებს ისე ვგეგამ, რომ ბავშვებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდეს.
     ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ოფიციალური თამაშებია, რადგან ვარჯიშისგან განსხვავებით მატჩის მსვლელობისას მოთამაშეს ვერ აუხსნი თუ რა შეცდომა დაუშვა. ყოველთვის ვცდილობ მატჩის მსველობისას  შევისწავლო მეტოქე გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები, მივიღო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილელები, რომ გუნდს გამარჯვება მოვუტანო.

    – რატომ კალათბურთი ?
      კალათბურთი ჩემთვის ყველაზე ინტელექტუალური, სწრაფი და ლამაზი სპორტია.  12 წლის ასაკიდან  ის ჩემი ცხოვრება გახდა და მის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.

    – საყვარელი კალათბურთელი ?
      ბავშვობიდან, როგორც უმეტესობისთვის, ჩემი საყვარელი კალათბურთელი არის მაიკლ ჯორდანი, თუმცა გამოვარჩევდი ალან აივერსონი სათამშო სტილსაც, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შემაყვარა.

    – მისაბაძი მწვრთნელი?

      ჩემი ფავორიტი მწვრთნელია ჟელკო ობრადოვიჩი და გრეგ პოპოვიჩი.

    – თავისუფალი დრო…

     თავისუფალ დროს ვცდილობ ოჯახთან ერთად გავატარო. მყავს 12 წლის ლუკა და 4 წლის მანიკა, რომლებიც ჩემმა ულამაზესმა მეუღლემ ტატამ მაჩუქა.

    ნახბარი და ბითაძე სტუმრად ზაზას აკადემიაში

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ ინდიანა პეისერსის ქართველ ცენტს გოგა ბითაძეს და NBA-ს ყოფილ მოთამაშეს, ბოშტიან ნახბარს უმასპინძლა. სტუმრები აკადემიის მოთამაშეებს შეხვდნენ და მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

    ” მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეები საჭირო რჩევებს იღებენ. მართალია, გოგა ბითაძე თვითონ არის ძალიან ახალგაზრდა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ ევროპულ კალათბურთში უკვე მიიღო გამოცდილება. შესანოშნავი კარიერა ჰქონდა ნახბარს. მან გაუზიარა აკადემიის მოთამაშეებს თავისი ემოციები, გამოცდილება.  სასარგებლო შეხვედრა გამოვიდა. კალათბურთში და ალბათ ზოგადად სპორტში ყველაფერი ისე ადვილი არაა, როგორც ხშირად გარედან ჩანს და ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის მსგავსი შეხვედრები აუცილებელია”, – ზაზა ფაჩულია.

     

    ზაზა ფაჩულიასა და აკადემიის ბავშების შეხვედრა