• მთავარი
  • სიახლეები
  • რეგისტრაცია
  • აკადემიის მიღწევები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ვინ ვართ ჩვენ
  • “ზაზა” “ოლიმიას თასის” ჩემპიონია

    ზაზა ფაჩულიას აკადემიის 13-წლამდელთა და 15-წლამდელთა გუნდები სლოვენიაში,  “ოლიმიას თასზე” ასპარეზობდნენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

    დავით მუმლაძისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა 15-წლამდელთა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო და ფინალში იტალიურ კლუბ “აზურას” დაუპირისპირდა, რომელიც 92:63 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ზაზას აკადემიის წევრი ლევან ძინძიბაძე დაასახელეს.

    ზაზას აკადემიის U15 გუნდი “ოლიმიას თასის” ჩემპიონი

     

    ფინალში გავიდა ზაზას აკადემიის სერბი სპეციალისტის, ზორან პენოს გაწვრთნილი 13-წლამდელთა გუნდიც, რომელიც საჩემპიონი მატჩში ასევე იტალიურ “აზურას” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძლაში დამარცხდა.  გუნდი “ოლიმპიას თასის” ვიცე-ჩემპიონი გახდა.

    ზაზას აკადემიის U13 გუნდი – “ოლიმიას თასის” ვიცე ჩემპიონი

     

     

    ლუკა ალავიძე Jr. NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე

    13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. 2017 წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის აღსაზრდელია, სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს. 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ლუკა ალავიძე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

    „სლოვენიაში წასვლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა და მსაჯებმაც ამირჩიეს. მინდა, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა – საქართველო და ვითამაშო პროფესიონალური კალათბურთი NBA-ში“, – ლუკა ალავიძე.

    Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატში,  მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ. მსოფლიოს ჩემპიონატი პარალელურად – ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის ჩატარდება . თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ ამერიკა) წარმოადგენს. ამერიკის 8 გუნდი და დანარჩენი მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა.

     

    “ზაზა” ბელგიის ტურნირის ჩემპიონია!

    ბელგიაში დასრულებული დიდი საერთაშორისო ტურნირი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის გამარჯვებით დასრულდა. დეან პროკიჩისა და ჟულივეტ ტოუჯანის გაწვრთნილმა გუნდმა მაქსიმალური კონცენტრაციით ჩაატარა მთელი ტურნირი და ფინალში 93:90 დაამარცხა ბელგიის ჩემპიონი „ოსტენდე”.

    ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრი ლუკა მაზიაშვილი გახდა.

    „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ წარმატებაში, ვინც შექმნა ეს შედეგი. მადლობა ზაზა ფაჩულიას, რომელიც ყოველთვის ყურადღებით ეცნობა ყველაფერს. მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გამარჯვება მოსულიყო. ვაგრძელებთ მუშაობას“,– ჟულივეტ ტოუჯანი

    NBA-ის სტანდარტები ქართულ კალათბურთში

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას, NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გასახსნელად, დიდუბეში (წერეთლის 105 ა) მდებარე სპორტული ბაზა 50 წლით გადაეცა. 

    ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში სურდა საქართველოში NBA-ს სტანდარტების აკადემიის გახსნა, რაც დღეისათვის უკვე რეალობად იქცა.   შეთანხმების მიხედვით, აკადემია  ბავშვებს სხვადასხვა კლუბებში, ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მოამზადებს. აკადემია იზრუნებს როგორც ბავშვების, ასევე მწვრთნელების განვითრებაზე.

    ბაზაზე ფუნქციონირებს კალათბურთის 4 დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც განთავსდება ტრეჟანორები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი.

    “ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, რადგანაც დაკავებული ვიყავი ნაკრების თემით. რაც დღეს მოხდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავამართლო მოლოდინი და ეს იყოს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა”, – ზაზა ფაჩულია.