
ბიჭი, რომელმაც კალათბურთი უზომოდ შეიყვარა
ოთხი სამმაგი დუბლი ზაზას რიგებში და 19 წუთში გაკეთებული ოთხმაგი დუბლი დინამოს მაისურით. 10 წლის წინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ საქართველოს ასაკობრივი ტურნირის რეკორდების სიაში მისი სახელი ჩაიწერებოდა. მითუმეტეს, რომ სპორტის ამ სახეობაში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. 9 წლის იყო, როცა მეგობარს ვარჯიშზე გაყვა. გაუთვალისწინებელი მიზეზებით მეგობრის გუნდს მოთამაშე დააკლდა და ლუკა ქუტიძის საკალათბურთო ისტორია სწორედ ამ დროს დაიწყო.
მოდით უკეთ გავიცნოთ ბიჭი, რომელმაც კალათბურთი შემთხვევით, თუმცა უზომოდ შეიყვარა.
– როგორც გვითხარი კალათბურთის თამაში შემთხვევით დაიწყე, რა გახდა სპორტის ამ სახეობაში დარჩენის მოტივაცია?
ვინ თუ არა მაისა! დღემდე მახსოვს პირველი შექება, რომელიც ირაკლი მაისურაძისგან დავიმსახურე. მოტივაციამაც სწორედ ამ დროს იფეთქა. ის იყო პირველი, რომელმაც ჩემში ნიჭი დაინახა და შემდეგ გააღვივა. მასთან ვარჯიში და ურთიერთობა ყოველთვის ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– 9 წელი კალათბურთში, როგორია ლუკას განვლილი ეტაპი?
პირველი გუნდი იყო TBC, პირველი ნაბიჯი კალათბურთში. შემდეგ დინამოს დიდი ოჯახის წევრი გავხდი, სადაც დასამახსოვრებელი წლები გავატარე. შევხვდი მნიშვნელოვან ადამიანებს. ჩემი მწვრთნელის, მამუკა ტურაშვილის დამსახურებით თავიდან შემიყვარდა კალათბურთი. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. შემდეგ დადგა “ზაზაში” თამაშის ეპოქა. რაც ყველაზე საინტერესოა და სასიამოვნოა, კვლავ ჩემს პირველ მწვრთნელთან, ირაკლი მაისურაძესთან ერთად მიწევს მუშაობა.
– როგორი გუნდია “ზაზა”?
ძლიერი გუნდი ვართ. ყოვეთვის ვცდილობთ მოედანზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს, ირაკლი მაისურაძე და დავით არწივიძე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც მთელი ცხოვრება ვიმეგობრებთ. ეს ყველაფერი იმაზე მეტია, ვიდრე მოედანზე გატარებული ერთი საათი.
– თამაში, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდა?
ყველა თამაში, სადაც სულს, გულს და ენერგიას დებ არასდროს გავიწყდება. თუმცა, არის ფაქტები, რომლებიც განსაკუთრებულად რჩება გონებაში. მაგალითად დინამოში თამაშის დროს გავაკეთე ოთხმაგი დუბლი, 15 ქულა, 15 პასი, 11 ჩაჭრა და 10 მოხსნა. ეს შედეგი და მატჩი ყოველთვის გამორჩეულად იქნება ჩემს გონებაში, რადგან ჩემი პირველი დიდი მიღწევა იყო.
– გამორჩეული მეტოქე ასაკობრივ ჩემპიონატზე?
ალბათ დინამო… ეს ის გუნდია, რომელიც დიდი შრომის შედეგად კარგ შედეგს დებს, ამიტომაც არის ძლიერი და გამორჩეული კონკურენტი.
– საყვარელი კალათბურთელი?
სტეფ კარი. მისი თამაშის სტილი ჩემთვის გამორჩეულია.
– სად ისურვებდი თამაშის გაგრძელებას?
ძალიან მინდა ეროვნულ ნაკრებში თამაში. საკუთარი ქვეყნის მაისურით მოედანზე გასვლა დიდი სტიმულია. პარალელურად ევროლიგაში ვითამაშებდი.