
ეზოს სტადიონიდან – “ზაზას” აკადემიაში
“საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ასე დაიწყო ჩემი ისტორია”.
ლევან ძინძიბაძე 15 წლისაა და სიმაღლეში 193 სანტიმეტრია. ასაკთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო, ამიტომ მისი შემჩნევა სკოლის კალათბურთის მასწავლებელს არ გასჭირვებია. 10 წლის ლევანი, მასწავლებლის თხოვნით სკოლის გუნდთან ერთად იწყებს ვარჯიშს. თუმცა, როგორც ამბობს თავიდან კალათბურთს სერიოზულად არ აღიქვამდა.
ინტერესი სპორტის ამ სახეობის მიმართ, აქტიური ვარჯიშისა და სკოლის გუნდის სახელით გამართული თამაშების შემდეგ გაუჩნდა. მალევე კალათბურთი მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თამაშობდა ეზოს სტადიონზე მეგობრებთან ერთად. ერთხელაც, მისი თამაში ახლობელმა ნახა და ურჩია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში მისულიყო.
“ახლობელმა ეზოში თამაშის დროს დამინახა. შემდეგ ჩემს მშობლებს დაუკავშირდა და გადაწყდა, რომ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დავიწყებდი სიარულს. ხომ გსმენიათ საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდაო, სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. დიდი მადლობა ამ ადამიანს, რომ მე დღეს ვარ კალათბურთში და ვარ “ზაზას” წევრი.”
ფაჩულიას აკადემიაში 5 წლის წინ მოვიდა. სწორედ აქედან იწყება ლევანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი. უკვე სპორტის ამ სახეობაზე სერიოზულად იწყებს ფიქრს. ვარჯიშობს აქტიურად და განვითარებისთვის ბევრს შრომობს. ლევანის ფიზიკური მონაცემები, ნიჭი და მონდომება საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას “ზაზას” ასაკობრივი გუნდის რიგებში ეთამაშა. პარალელურად ახალგაზრდა, ნიჭიერმა კალათბურთელმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მაისური მოირგო.
“ჩემი დიდი მოტივაციაა გარემო, სადაც ვარ, საუკეთესო მწვრთნელები, რომლებიც ამ 5 წლის მანძილზე მავარჯიშებენ და “ზაზას” თითოეული წევრის დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. ვამაყობ, რომ გავიცანი ეს ადამიანები.”
აკადემიისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების რიგებში, არაერთი მატჩი გაუმართავს. ლევანის საკალათბურთო ისტორიაში იყო გამარჯვება, მარცხი, ტიტულები და ინდივიდუალური პრიზები. თუმცა, მისთვის გამორჩეული 2019 წელი აღმოჩნდა, როდესაც ორჯერ გახდა საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP) – სლოვენიაში ზაზა ფაჩულიას აკადემიის სახელით და მოსკოვში საქართველის ასაკობრივი ნაკრების სახელით.
ყველა წარმატებისა და გამარჯვების შემდეგ მომავალზე ფიქრობს. საკუთარი თავი მარტო კალათბურთში წამოუდგენია. ევროლიგა ან NBA და ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება, ასეთია ლევანის გეგმა. 15 წლის კალათბურთელს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. იცის, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი და ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. როგორც მისი საყვარელი კალათბურთელი, კევინ დურანტი იტყოდა “Hard work beats talent when talent fails to work hard.”