ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დღეს ახალი ისტორია დაიწერა. 18 წლის ნატალია ოთხმეზური პირველი გოგოა ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც სრული სტიპენდია მოიპოვა და თამაშს აშშ-ში, ვაიომინგის შტატში განაგრძობს.
ნატალია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ერთი თვის წინ მოვიდა. ნიჭიერი კალათბურთელი აკადემიაში მაშინვე შეამჩნიეს და დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა კოლეჯთან. საბოლოოდ შეირჩა კასპერის კოლეჯი, რომელიც ძლიერი ქალთა კალათბურთის პროგრამით გამოირჩევა.
ახალ კოლეჯში სწავლას ნატალია აგვისტოდან დაიწყებს.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება მსგავსი ფაქტი. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო და ვასახელო ჩემი ოჯახი და საქართველო. მადლობას ვუხდი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას გვერდში დგომისთვის“,-ნატალია ოთხმეზური.
„ ჩვენი აკადემია ყოველთვის მზადაა ახალგაზრდა, ნიჭიერ კალათბურთელებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში ხელი შუწყოს“,– ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი, გიორგი ალავიძე.
„ აკადემიაში მოსვლის დღიდან ნატალიას ნიჭი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და შევუქმენით ყველანაირი პირობა, რომ სრულყოფილად ივარჯიშოს“, – ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის სპორტული დირექტორი ლაშა ფარღალავა.