
ლუკა ალავიძე Jr. NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე
13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. 2017 წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის აღსაზრდელია, სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს. 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ლუკა ალავიძე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს.
„სლოვენიაში წასვლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა და მსაჯებმაც ამირჩიეს. მინდა, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა – საქართველო და ვითამაშო პროფესიონალური კალათბურთი NBA-ში“, – ლუკა ალავიძე.
Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატში, მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ. მსოფლიოს ჩემპიონატი პარალელურად – ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის ჩატარდება . თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ ამერიკა) წარმოადგენს. ამერიკის 8 გუნდი და დანარჩენი მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა.