
“ზაზა” JUNIOR NBA-GBF ჩემპიონია
ჯუნიორ NBA-GBF ლიგის მეორე გათამაშება დასრულდა. ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელიც ტურნირში „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობდა. ზაზას აკადემიელებმა საჩემპიონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი“ დაამარცხეს.
ჯუნიორ NBA-GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ჯუნიორ NBA-GBF ლიგა მეორე წელია, ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ბავშვი გახლდათ ჩართული.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდის წევრებს საჩემპიონო ბეჭდები და სიგელები საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და თბილისის კალათბურთის განვითრების პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცეს.
ტრადიციულად, გამოვლინდა 2017-2018 წლების სეზონის ჯუნიორ NBA-ს 8 საუკეთესო მოთამაშე. მათ ეროვნული ნაკრების მაისურები დუდა სანაძემ, გიორგი ცინცაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა გადასცეს.
გორი – თენგო გოგიშვილი, სანდრო ზარიძე
ჰიუნდაი – გეგა წულაია, ნიკა ბოსტოღანაშვილი
ქუთაისი – დათო ფესვიანიძე, ლუკა ლომთაძე, ლუკა გორგოძე
ზაზა – ლუკა ალავიძე, დავით მუმლაძე, ლევან ძინძიბაძე
ჯუნიორ NBA-GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე „ზაზას აკადემიის“ წევრი – ლუკა ალავიძე გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.